English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ზურაბ გარაყანიძე სოლომონ პავლიაშვილი
საქართველოს როლი ევროპის გაზის ბაზრის დემონოპოლიზაციაში

ანოტაცია. დღევანდელ ვითარებაში, ადგილი სადაც კასპიის გაზის დასავლეთის მარშრუტები გადის, - საქართველოა. კერძოდ, საქართველოზე გადის „სამხრეთ კავკასიის გაზსადენი“ (SCP) 2007 წლიდან, რომლითაც იტუმბება გაზი კასპიის „შაჰ დენიზიდან“. საქართველო SCP-დან იღებს უფასოდ (გაზის სატრანზიტო ფასის სახით) გაზის 5%-ს და 5%-ს, შეღავათიან ფასად.

ეს გაზი, რომელიც გადის SCP-ში, იგზავნება „ტრანსანატოლიური გაზსადენისა“ და „ტრანსადრიატიკის გაზსადენის“ (TAP) გავლით თურქეთიდან ევროპაში, როგორც ევროკავშირის ერთიანი „სამხრეთ გაზის დერეფანი“ (SGC).

რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა გლობალური მიწოდების ჯაჭვები და დაასუსტა მსოფლიო ეკონომიკა, მაგრამ ის ახალ შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს. კერძოდ, როდესაც აშშ და ევროპა რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე სანქციებს აწესებენ, აზერბაიჯანს აქვს შანსი გაზარდოს გაზის ექსპორტი 2022 წლის ბოლომდე და მომდევნო წლებში 3500 კილომეტრიანი სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მეშვეობით, რომელიც გადის შვიდ ქვეყანაში და გაზს აწვდის სამხრეთ ევროპას. აზერბაიჯანი ამჟამად აწვდის 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ევროპას და 6 მილიარდ კუბურ მეტრს - თურქეთს, SGC-ის მეშვეობით.

ევროპის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანი ასევე ავითარებს გაზის ორ ახალ საბადოს და ღიაა ინვესტიციებისთვის SGC-ის სიმძლავრის გასაფართოებლად, კერძოდ, დამატებითი საკომპრესორო სადგურების დაყენებით შესაძლებელი იქნება გაზის ნაკადის გაორმაგება. თუმცა, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ევროპიდან „შემცირებულმა ინვესტიციებმა“ შესაძლოა შეანელოს ქვეყნის ძალისხმევა მიწოდების გაზრდის მიზნით. ამრიგად:

- კიდევ უფრო გაიზრდება "სამხრეთის გაზის დერეფნის" როლი რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში და, შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის;

- „დერეფანი“ კასპიის ქვეყნებს ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის ახალ, გაზრდილ შესაძლებლობებს მისცემს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება, რუსეთ-უკრაინის ომი, სამხრეთის გაზის დერეფანი, სამხრეთკავკასიური გაზსადენი, კასპიის საბადოები, აზერბაიჯანი, დემონოპოლიზაცია. 

შესავალი

2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz), იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ, ა/წლის ივნისში, დაიწყო საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ შემავალი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის (დამაკავშირებელი - ზ.გ.) IGB-ის, გავლით. სატესტო რეჟიმში ამ მილით აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდა, ხოლო 2022 წლის 2 ივლისიდან ბულგარეთში უკვე 1 მლრდ კუბ. მეტრი აირის სახელშეკრულებო მოცულობის მიწოდება ხორციელდება.

აზერბაიჯანიდან გაზს, „ტრანსადრიატიკული გაზსადენით“ იტალია, საბერძნეთი და ბულგარეთი  2020 წლის 31 დეკემბრიდან იღებენ. 2021 წელს ბულგარეთში აზერბაიჯანული აირის მიწოდებამ შეადგინა მხოლოდ 250-300 მლნ კუბ. მეტრი, დაგეგმილი 1 მლრდ კუბ. მეტრის ნაცვლად. ინტერკონექტორი IGB-ის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, იგეგმება მისი საპროექტო სიმძლავრის გაზრდა 3 მლრდ კუბ. მეტრამდე წელიწადში, რაც მართალია ევროპის გაზის მოხმარების შედარებით მცირე ნაწილია, მაგრამ გაზის ბაზარზე კონკურენციის გაზრდას რეალურად მოემსახურება.

ამრიგად, ბულგარეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის მიზეზი თვითონ რუსეთის ხელისუფლებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, მოითხოვა „არამეგობრული ქვეყნებისგან“ გაზის საფასურის გადახდა ახალი სქემით, უცხოური ვალუტის რუბლებში გადაცვლით. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბულგარეთმა, ეს სქემა არ მოიწონა და „გაზპრომმა“ მათ აირის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც დააჩქარა რუსეთის გვერდის ამქცევი, ევროპული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინტერკონექტორის - IGB-ის სრული სიმძლავრით ამოქმედება. 

გაზის ბაზრის დემონოპოლიზაცია დროის მოთხოვნაა

მდგრადი, ანუ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის გამოყენება მთელ მსოფლიოში ამ დრომდე ფერხდება იმის გამო, რომ ბევრი პრობლემებია სატრანზიტო მილსადენების მარშრუტების კონტროლთან, მილსადენებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ საკმარისადაა ისეთი იაფი, მაგრამ არაეკოლოგიური ენერგო რესურსები, როგორებიცაა ქვანახშირი და ნავთობი. ამავე დროს, საქართველოში და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიოს დაანახა, რომ ელექტრო-, გაზ-, და ნავთობ-სადენები საკმაოდ მოწყვლადია სამხედრო კონფლიქტების დროს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ენერგომომარაგების რამდენიმე წყარო.

ხმელი მერქანი, ანუ შეშა ისტორიულად და ლოგიკურად საწვავის პირველი სახეა, რომელიც ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან; შემდეგი - ქვანახშირი, ზოგადად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიპოვება; თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ენერგორესურსის - ნავთობის მარაგები, მე-20 საუკურეში ასევე ათეულობით ქვეყანაში აღმოაჩინეს. ამ დროიდან, ნავთობის წარმოების კონცენტრაციამ 20-მდე სახელმწიფოს ხელში, გამოიწვია მონოპოლიის უმარტივესი ფორმის, ნავთობის საერთაშორისო კარტელის - OPEC-ის ჩამოყალიბება [გარაყანიძე ზ., პავლიაშვილი, 1]. 

ენერგორესურსების ზემოაღნიშნული სახეობებისაგან განსხვავებით, ბუნებრივი აირი, პლანეტის მხოლოდ რამდენიმე ადგილას მოიპოვება და საერთაშორისო კონფლიქტების დროს ყველაზე მოწყვლადია... ამავე დროს, ეკონომიკური თეორიის მიხედვით, მონოპოლია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფიზიკური პირები ან საწარმოები იძენენ შესაძლებლობას, რომ გააკონტროლონ გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების მიწოდება/შესყიდვა.

გაზის, და მისი სპეციალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, - გაზსადენების შემთხვევაში წარმოების კონცენტრაცია, ნავთობთან შედარებით, უფრო მაღალია: ისინი კონცენტრირებულია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ხელში, რაც მონოპოლიზაციის კიდევ უფრო მაღალი დონეს იწვევს. ესაა რაღაც სრულიად ახალი რამ ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის გლობალური მექანიზმისთვის.

ბუნებრივი აირი სულ ახლახან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, გადაიქცა საწვავის ერთ-ერთ მთავარ სახეობად. ამ საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90% გაზსადენებით მიეწოდებოდა უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, დანარჩენი - ტანკერებით თხევადი (LNG) სახით [Z. Garakanidze, N. Garakanidze 2]. უკვე 2021 წელს, LNG გლობალური იმპორტი  საერთაშორისო LNG იმპორტიორთა ჯგუფის (GIIGNL) ანგარიშის მიხედვით, წინა წელთანგაიზარდა 4,5%-ით და 513,7 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა (ანუ 372,3 მლნ ტონას). კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს LNG-ზე უკვე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი - გაზსადენებზე. 2021 წელს LNG-ის დაახლოებით 73% (375 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 271,8 მლნ ტონა) აზიის ქვეყნებმა შეიტანეს. გარდა ამისა, მსოფლიოს LNG მოცულობის მხოლოდ 36,6% გაიყიდა სპოტ-ბაზარზე, ანუ მცირე პარტიებად, დანარჩენი - გრძელვადიანი კონტრაქტებით [Матвей Катков, 3], რითაც თავისუფალი ფასწარმოქმნის მექანიზმი უგულებელყოფილია.

გაზის ვაჭრობის გავლენა გლობალურ და რეგიონულ დონეებზე, ანუ გეოეკონომიკური ასპექტები, უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე მსგავსი პროცესები სხვა ტიპის საწვავთან მიმართებაში. კერძოდ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ციმბირის თვალუწვდენელი სივრცეებიდან ქვეყნის ევროპულ ნაწილში, გაზის ტრანსპორტირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან დაიწყო მძლავრი მილსადენების მშენებლობა. შედეგად, მოსახლეობის გაზიფიკაციის დონით, იმდროინდელი სსრკ აღემატებოდა დღევანდელი ევროკავშირის წევრ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი. შესაბამისად, ევროპის გაზის ბაზარზე ყოფილი სსრკ 5 მძლავრი გაზსადენით იყო წარმოდგენილი, რომლებსაც  ამ საუკუნეში რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელი „ცისფერი ნაკადი“ და „თურქული ნაკადი“, ასევე რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირი მრეწველობის ნედლეულია და მისი გამოყენებით გამოიმუშავებენ გლობალური ელექტროგენერაციის მეოთხედს. ის უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. სხვა საწვავის სახეობებთან შედარებით, მისი მოპოვების სწრაფი ზრდა დაკავშირებულია გარემოსდაცვით უპირატესობებთან, განსაკუთრებით ჰაერის სისუფთავესთან და სათბურის გაზების გამოფრქვევის შემცირებასთან, რასაც დღევანდელ ევროკავშირში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება.

ბუნებრივი აირის არა მარტო მოპოვება, არამედ მილსადენებით და ტანკერებით მისი სივრცითი ტრანსპორტირება, საკმაოდ რენტაბელური ბიზნესია. ამის გამო ევროპის გაზის ბაზრის მესამედი რუსეთს უკავია, ბევრი ქვეყანა კი მთლიანად რუსულ სახელმწიფო მონოპოლიაზე - „გაზპრომზეა“ დამოკიდებული (იხ. სქემა 1). 

სქემა 1. 

 

სქემიდან აშკარად ჩანს, თუ რატომ იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე თურქეთის და გერმანიის საგარეო პოლიტიკა ასეთი ლიბერალური რუსეთისადმი - გერმანიის გაზის იმპორტში 61.9%, ხოლო თურქეთის - 58.9%  ხომ რუსული გაზია. სტატიის შესავალში ჩვენს მიერ ნახსენები ინტერკონექტორის - IGB-ის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ, ამ სქემიდან ბულგარეთი ამოვარდება.

რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის და 2014 წლის ნოემბრის ბოლოს აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები. კერძოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებას გულისხმობენ. ამ „დერეფანს“ დასავლეთი „ერთ მუშტად უნდა შეეკრა“ და ის რუსულ ენერგომატარებლებზე საბედისწერო დამოკიდებულებისაგან ეხსნა, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიით საფრთხე სწორედ „დერეფანს“ შეექმნა.

საპასუხოდ, 2008 წლის ნოემბერში ბრიუსელმა „ევროკავშირის მეორე ენერგორევიუ – ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იქმნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული მილსადენების სისტემა, ე.წ. „ტრანსევროპული ქსელი“ (TEN). ამავე დროს განისაზღვრა წევრი ქვეყნების „თამაშის საერთო წესები“ ენერგოპროექტების ირგვლივ მესამე მხარესთან მოლაპარაკებებში, ანუ შეიქმნა „საერთო ინტერესების პროექტების“ (PCI) ისეთი მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს ბრიუსელთან შეუთანხმებლად ენერგომომარაგებისა და ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმებას უკრძალავს. სწორედ ამ ურთიერთდაკავშირებული, საერთო ინტერესების მქონე, ერთიანი გაზის ქსელის გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტერკონექტორი - IGB-ის საპროექტო სიმძლავრით ამუშავება. 

აზერბაიჯანის ახალი ჰორიზონტები

რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა მიწოდების გლობალური ჯაჭვები და დაასუსტა მსოფლიო ეკონომიკა, მაგრამ ეს ახალ შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს. კერძოდ, ვინაიდან აშშ-მ და ევროპამ სანქციები დაუწესეს რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ გაზს, აზერბაიჯანს ეძლევა შანსი გაზარდოს გაზის ექსპორტი 2022 წელს და მომდევნო წლებში 3500 კილომეტრიანი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გავლით, რომელიც გადის შვიდ ქვეყანას და გაზით ამარაგებს თურქეთსა და სამხრეთ ევროპას. ამჟამად აზერბაიჯანი ევროპას აწვდის 10 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს და 6 მლრდ კუბ. მეტრს - თურქეთს, სწორედ SGC-ის მეშვეობით.

ევროპის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანი ასევე ამუშავებს ორ ახალ გაზის საბადოს და ღიაა ინვესტიციებისთვის SGC-ის სიმძლავრის გასაფართოებლად, კერძოდ, დამატებითი საკომპრესორო სადგურების დაყენებით, შესაძლებელი იქნება გაზის ნაკადის გაორმაგება. თუმცა, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპიდან „შემცირებულმა ინვესტირებამ“ შესაძლოა შეანელოს ქვეყნის ძალისხმევა მიწოდების გასაზრდელად.

2022 წლის ივნისის პირველ კვირაში, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო კონგრესს განუცხადა: „ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკომისიასთან… ჩვენ ვმუშაობთ, რომ შედარებით მოკლე დროში განვაახლოთ ეს ინფრასტრუქტურა და შემდგომ გავზარდოთ ევროპის ენერგომომარაგება ბუნებრივი აირის თვალსაზრისით“.

2022 წლის ზაფხულის დადგომისთანავე ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი დროებით დაიხურა (ივნისის ბოლომდე) და ნავთობი გადაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ნავთობის გადამისამართება ჯეიჰანში გააძლიერებს თურქეთის სატრანზიტო პოზიციას, რადგან ის ასევე ატარებს SGC-ის შუა ნაწილს, - „ტრანსანატოლიურ“ ბუნებრივი აირის მილსადენს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო ხაზი ჩინეთიდან თურქეთამდე, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შუა დერეფანი", გვერდს უვლის რუსეთს და აკავშირებს ჩინეთს სტამბულთან რკინიგზით ყაზახეთის გავლით - შემდეგ აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის გავლით, და შემდგომში, რკინიგზით  საქართველოს გავლით თურქეთთან. მარშრუტმა, რომელსაც ჯერ სრულად არ გამოუყენებია თავისი პოტენციალი, შესაძლოა საბოლოოდ კარგი შანსი მიიღოს, რადგან 2022 წელს გადაზიდვები ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ექვსჯერ გაიზრდება 2021 წელთან შედარებით. 2022 წლის აპრილში, გადამზიდავმა კომპანია Maersk-მა გამოაცხადა განახლებული სარკინიგზო სერვისის დაწყება მომხმარებელთა მუდმივად ცვალებადი მიწოდების ჯაჭვის საჭიროებების საპასუხოდ „ამ რთულ დროში.“ ახალი სარკინიგზო სერვისი ამუშავდა 2022 წლის 13 აპრილს ჩინური სიანიდან (Xi'an) გერმანიამდე.

სხვა რეგიონალური გადაზიდვის ვარიანტებია დასავლეთთან ავღანეთის და თურქმენეთის დაკავშირება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ე. წ. "ლაპის ლაზულის დერეფნით" [ეკონომი.ჯი, 4.] და მარშრუტი აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთში, ზანგეზურის დერეფნით. თუმცა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს ამ მარშრუტის განხორციელების დაგვიანება.

უახლოეს მომავალში აზერბაიჯანს შეიძლება გაუჩნდეს კიდევ ერთი კარგი შანსი. საქმე ისაა, რომ ყაზახეთმა განაცხადა 2023 წელს ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერების შესახებ შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო. ბაქოს ახლა შეუძლია ბრიუსელს შესთავაზოს დახმარება ევროპის ენერგეტიკული მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად და მრავალათეულ წლიანი შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება, რათა უზრუნველყოს დაფინანსება SGC-ის გაფართოებისთვის.

მეტიც, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ და მისი ინტერკონექტორის - IGB-ის სრულად შესავსებად, აზერბაიჯანი მზად არის გაზარდოს გაზის მიწოდება ახალი მარშრუტით, რათა დაეხმაროს კონტინენტს თავი დააღწიოს რუსეთზე დამოკიდებულებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2022 წლის 1 ივნისს Energy Week-ზე, ბაქოში გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პოტენციურ მომხმარებლებთან [NEWSBASE, 5]. ეს საქართველოსთვისაც მომგებიანია, ვინაიდან არსებული ხელშეკრულებების თანახმად 2026 წლამდე საქართველო, გატარებული ტრანზიტის საფასურად, იღებს აზერბაიჯანული აირის 5%-ს უფასოდ, და 5%-ს შეღავათიან ფასად.

აზერბაიჯანული გაზი, წელიწადში10 მლრდ კუბ. მეტრის ოდენობით, 2020 წლის 31 დეკემბრიდან მიეწოდება იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს. ამჟამად, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, BP-მ, აზერბაიჯანის SOCAR-მა და „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) სხვა აქციონერებმა გადაწყვიტეს სისტემის სიმძლავრის გაფართოება, - პოტენციურად კიდევ 10 მლრდ კუბ. მეტრით წელიწადში, რათა მოხდეს  ევროპულ ბაზრებზე გაზის დამატებითი მიწოდება. „იმის გათვალისწინებით, რომ ახლა არის ახალი გამოწვევები და ახალი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან“, - განაცხადა ი. ალიევმა. თუმცა, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა, იმავე Energy Week-ზე შეხვედრებისას განაცხადეს, რომ ქვეყნის ექსპორტის გაფართოებას დასჭირდება ახალი ინვესტიციები და კონტრაქტები, - იტყობინება S&P Global [www. spglobal.com, 6].     

აღნიშნული პერსპექტივის შედეგად „...გაიზრდება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ როლი, გაიზრდება ექსპორტი და ამ მიზნების მისაღწევად მიმდინარეობს მუშაობა ფინანსური ინსტიტუტებთან ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ჰარი ჯონსმა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის BP-ის პრეზიდენტმა ამ ღონისძიებაზე [www. spglobal.com, 6].

პროფესორმა ბრენდა შაფერმა, კასპიის ენერგეტიკისა და ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტმა, აღწერა „სამხრეთის გაზის დერეფანი“ (SGC), როგორც მასშტაბირებადი და განმარტა, რომ მისი გაფართოება შესაძლებელია დაბალი ღირებულებით, რათა გაორმაგდეს მისი დღევანდელი სიმძლავრე. „ევროპის ბუნებრივი გაზის ბაზარზე დროებით არ არის სწრაფი განვითარება, მაგრამ ზრდა მალე გაგრძელდება, რაც შექმნის მოთხოვნის სტაბილურ წყაროს დამატებითი გაზის მიწოდებაზე“, - თქვა ბ. შაფერმა [www. spglobal.com, 6].

ერთის მხრივ, მზარდმა ევროპულმა მოთხოვნამ შეიძლება მალე გახადოს საჭირო „დერეფნის“ (SGC) გაფართოება, მაგრამ მეორე საკითხია - რამდენი გაზის მიწოდება შეუძლია აზერბაიჯანს მილსადენების შესავსებად და რამდენად სწრაფად. სულ მცირე, აზერბაიჯანს დასჭირდება მოპოვების მნიშვნელოვანი გაზრდა. სავარაუდოდ, საჭირო იქნება TotalEnergies-ის მიერ ოპერირებად „აბშერონის“ საბადოზე მოპოვების ზრდა წელიწადში 5-6 მლრდ კუბ. მეტრით (იხ. სქემა 2). „აბშერონის“ პირველი 1,5 მლრდ კუბ. მეტრი სტადია ამოქმედდება 2022 წლის ბოლოს, მაგრამ ეს მიწოდება შემოიფარგლება შიდა ბაზრისთვის, სადაც მოთხოვნა სწრაფად ზრდადია. თუმცა TotalEnergies-ს და SOCAR-ს ჯერ კიდევ არ მიუღოათ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება (FID) ამ საბადოს მეორე ფაზაზე, და ის მიღებულიც რომ იქნას უახლოეს მომავალში, როგორც წესი, პროექტებს რეგიონში ოთხი წელი სჭირდება წარმოების ფაზამდე მისაყვანად [Can Azerbaijan Help, 7].

„აბშერონთან“ ერთად, მოპოვების ზრდა შეიძლება „ყარაბაღისა“ და „ქიაფაზის“ ნავთობისა და გაზის საბადოებზეც, ასევე „უმიდის“ საბადოზე (იხ. სქემა 2). მაგრამ ისევ და ისევ, ამ დამატებით მიწოდებას იგივე დრო დასჭირდება წარმოების გაშვებამდე, რაც „აბშერონს“.

ამავე დროს, BP აგრძელებს ახალი ტერიტორიების შესწავლას კასპიის ზღვაზე და მისი ნებისმიერი აღმოჩენა შეიძლება ასევე იყოს დაკავშირებული გაზის ევროპაში ექსპორტთან. ამ კომპანიამ და მისმა პარტნიორმა „სოკარმა“ დაასრულეს ულტრაღრმა ჭაბურღილის - „შაფაგ-ასიმანის“ სამუშაოები გასულ წელს. „სოკარის“ ინფორმაციით ნაპოვნია გაზი და კონდენსატი. ზემოაღნიშნულმა პარტნიორებმა ასევე 2021 წელს დაამუშავეს არაღრმა საბადო აბშერონის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, თუმცა შედეგი არ გამოვლენილა და 2022 წლის აპრილში დაიწყეს მუშაობა მეორე ჭაბურღილზე. იგეგმება დამატებითი ჭაბურღილების დამუშავებაც. 

„ტრანსკასპიური გაზსადენის“ პრობლემები

ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა გაზის თურქმენეთიდან ევროპაში მიწოდება. ამ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს „ტრანსკასპიური გაზსადენის“ გაყვანას, რომელიც აზერბაიჯანში უნდა დაუკავშირდეს „სამხრეთის გაზის დერეფანს“ (SGC).

რუსეთისა და ირანის ოპოზიციამ, დიდი ხანია ჩაშალა ეს პროექტი, მიუხედავად კასპიის სტატუსზე 2018 წლის აგვისტოში მიღწეული აქტაუს ხელშეკრულებისა. ისევე როგორც კომერციულმა გამოწვევებმა გაზსადენის სიგრძის გამო და თურქმენეთის სიჯიუტემ სადაო კუნძულებზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში. თუმცა, აზერბაიჯანი და თურქმენეთი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ შემცირებული, მხოლოდ 78 კილომეტრში სიგრძის წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც გადატუმბავს წლიურად 5 მლრდ კუბ. მეტრ გაზს თურქმენეთის ოფშორული „მაგთიმგულის“ საბადოდან აზერბაიჯანის „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლიმდე“ (იხ. სქემა 2).

სქემა 2 

 

თურქმენეთს შეეძლო გამოეყენებინა გაზის მიწოდება „სვოპებით“ ირანთან და აზერბაიჯანთან, რაც უზრუნველყოფდა მიწოდებას აზერბაიჯანის ბაზრისთვის, რითაც თავის მხრივ, შეიძლება გათავისუფლდეს ადგილობრივი გაზის მოცულობები ევროპაში ექსპორტისთვის, მაგრამ ამ რეზერვს თურქმენეთის ხელისუფლება დღემდე არ იყენებს. ევროკავშირის მიერ რუსულის გაზის ეტაპობრივად შეზღუდვა კარგი შესაძლებლობაა აზერბაიჯანისთვის, რათა მოახდინოს საკუთარი აირის ბაზრის წილის გაფართოება კონტინენტზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაუჭარბებლად შეფასდეს, თუ რამდენად მარტივად შეუძლია ქვეყანას ამის მიღწევა.

გაზის მოპოვების პროექტების შემუშავებას ნებისმიერ ადგილას წლები სჭირდება და კასპიის ზღვაში ზოგიერთ პროექტს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სხვაგან, სადაც ლოჯისტიკური საკითხების გამო, პროცესები გართულდა. უმთავრესი დაბრკოლებებია - გეოლოგია და რთული სამუშაო პირობები. ზღვის იურიდიულ სტატუსზე მიმდინარე ათწლეულების დავამ, რაც მხოლოდ 2018 წელს გადაწყდა, გამარტივების ნაცვლად კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, რადგან საერთო ეკოლოგიური მოთხოვნების წინ წამოწევა გამოიწვია. შედეგად შეფერხდა დიდი საბადოების ათვისება სადავო ტერიტორიებზე, როგორიცაა მაგალითად „დოსტლიკი“, რომელზეც პრეტენზია აქვს როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქმენეთს (იხ. სქემა 2).

იმავდროულად, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიმუშავეს გაზმომარაგების არაერთი  კონკურენტული პროექტი. მაგალითად, საბერძნეთი აშენებს უკვე მეორე, წელიწადში 5,5 მლრდ კუბ. მეტრი წარმადობის თხევადი გაზის (LNG) ტერმინალს ალექსანდროპოლისის მახლობლად და იწვევს ინვესტორებს კიდევ ორი - 5,2 და 2,5 მლრდ კუბ.მეტრის წარმადობის ტერმინალების ასაგებად, რომლებიც სავარაუდოდ 2023 წელს უნდა აშენდეს. ალბანეთი ცდილობს გახდეს LNG-ის იმპოტიორი ქ. ვლორაში ტერმინალის მშენებლობით. ასევე განიხილება „ისტმედის“ (EastMed) გაზსადენის პროექტი, რომელმაც შეიძლება გადატვირთოს ევროპაში წელიწადში10, ან შესაძლოა 20 მლრდ კუბ. მეტრი გაზი  ისრაელისა და კვიპროსის ოფშორული საბადოებიდან; ანუ აშკარად იკვეთება ე.წ. „ევროკავშირის მეხუთე დერეფანი“ - ისრაელის, კვიპროსის, ყატარის და ირანის გაზმომარაგების წყაროებით. 

დასკვნები

ამრიგად, რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო რელიეფურად წარმოაჩინა საქართველოს გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ (SGC). კერძოდ:

-რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში  „სამხრეთის გაზის დერეფნის“ როლი, და შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისათვის კიდევ უფრო გაიზრდება;

- „დერეფანი“ კასპიისპირეთის ქვეყნებს ენერგო რესურსების მსოფლიო ბაზარზე გატანის ახალ, გაზრდილ შესაძლებლობებს მისცემს და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე;

-– კარგი იქნება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში ჩართულ რკინიგზებთან, საბორნე გადასასვლელებთან და პორტებთან “ლოგისტიკური ჯაჭვის” შექმნა და ბიზნესმენებისათვის შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთვნენ საქართველოს დიასპორის და დიპლომატიის წარმომადგენლები ცენტრალურ აზიაში, ჩინეთისა და ინდოეთში. უნდა მოხდეს წარმოების და გადაზიდვების მიმართულებების კომპლექსური ანალიზი და ამით პოტენციური მოსაზიდი ტვირთის, განსაკუთრებით ენერგო რესურსების, დადგენა;

– ფოთის და ბათუმის პორტები 100 პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით   არსებული საწარმოებია. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს გაუქმდა ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის №42 ბრძანების პირველი ნაწილი, რითაც  ნავსადგურებს მიეცათ უფლება დამოუკიდებლად განახორციელონ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ტარიფების რეგულირება, – სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია პარტნიორის უფლების გამოყენება და საპორტო მომსახურების სატარიფო განაკვეთების შემცირების მიზნით გადახედვა, რათა ისინი შავი ზღვის თურქული და რუსული პორტების ტარიფებთან შედარებით, კონკურენტუნარიანი გახდნენ;

– საქართველოს პორტებმა ტვირთბრუნვის უფრო მეტად დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ, რათა მათ პერსპექტივაში შეძლონ  ნავთობის და ნავთობპროდუქტების მზარდი გადაზიდვების ჰარმონიზაცია “მშრალი ტვირთებისა” და კონტეინერების გადაზიდვებთან;

გამოყენებული ლიტერატურა 

1.გარაყანიძე ზ., პავლიაშვილი ს., “საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი: პრობლემები, პერსპექტივები“, თბილისი, „მწიგნობარი“. 2014 წ. გვ. 24.

2. Zurab Garakanidze, Nata Garakanidze. INFLUENCE OF THE MIDDLE EAST TENSION ON THE EU’S SOUTHERN GAS CORRIDOR (co-author). THE Caucasus & Globalization. Journal of Social, Political and Economic Studies. Volume 7, Issue 1-2 2013; p.74-81. http://www.ca-c.org/c-g/2013/journal_eng/c-g-1-2/07.shtml

3. Матвей Катков. Чем и когда ЕС хочет заменить газ из России. 8 Июня, 2022. https://www.vedomosti.ru/business/articles/2022/06/08/925631-chem-es-zamenit-gaz

4. ეკონომი.ჯი - ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრმა პროექტ „ლაპის ლაზულის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. http://www.economy.ge/?page=news&nw=1311&s=avganetis- 22/10/2019

5.NEWSBASE, Azerbaijan eyes extra gas market. Week 23, 08 June, 2022. www.newsbase.com. P. 4 (subscription).

6. Azerbaijan discussing gas supplies to new European buyers as war rages in Ukraine. NATURAL GAS 06 Jun 2022|06:09UTC.https://www.spglobal.com/commodityinsights/ en/market-insights/latest-news/electric-power/060622-azerbaijan-discussing-gas-supplies-to-new- european-buyers-as-war-rages-in-ukraine

7. Can Azerbaijan Help Solve Europe’s Gas Crisis? – Analysis https://www.eurasiareview.com/ 13062022-can-azerbaijan-help-solve-europes-gas-crisis-analysis/  June 13, 2022  James Durso